English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ჩვენი იუბილარები

ემერიტუსი, ქალბატონი ელენე ხარაბაძე -80

პროფესორი ელენე ასლანის ასული ხარაბაძე დაიბადა 1943 წლის 23 თებერვალს, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგების ოჯახში.
1950 წელს შევიდა დიდი ჯიხაიშის საშუალო სკოლაში და შვიდი კლასის წარმატებით დამთავრების შემდეგ - 1957 წლიდან, სწავლა განაგრძო ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაამთავრა 1960 წელს.
1961-1966 წლებში ელენე ხარაბაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით.
1968-1972 წლებში იგი სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
1976 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: საქართველოს ღვინის მრეწველობის საწარმოო ფონდების გამოყენების ეკონომიკური ანალიზი და მათი ეფექტურობის ამაღლების რეზერვები.
1967 წლის ოქტომბრიდან ელენე ხარაბაძე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრის მეცნიერ-მუშაკად, 1969 წლიდან კი - ასისტენტად, უფროს მასწავლებლად და დოცენტად.
1992-1997 წლებში პროფესორი ელენე ხარაბაძე იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის კათედრის გამგე.
2006, 2009 და 2012 წლებში კონკურსის წესით არჩეულ იქნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის პროფესორად და კათედრის ხელმძღვანელად, სადაც მუშაობდა 2018 წლის ივლისამდე.
2007-2009 წლებში პროფესორი ელენე ხარაბაძე იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ხოლო 2009-2012 წლებში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
2018 წლიდან პროფესორი ელენე ხარაბაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია.
1997-2006 წლებში ელენე ხარაბაძე შპს ელკო–აუდიტის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და სერტიფიცირებული აუდიტორი, ხოლო 1999-2006 წლებში საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირის პრეზიდენტია.
ელენე ხარაბაძე არის 115-მდე ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის, მრავალი სახელძღვანელოს, მეთოდური მითითებისა და სალექციო კურსის ავტორი.
დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით, ღირსების ორდენით.
გატაცებულია პოეზიით, ფერწერით.
ვულოცავთ ქალბატონ ელენეს საიუბილეო თარიღს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მისთვის ჩვეული შემართებით, ენერგიით, ოპტიმიზმით სავსე ცხოვრების კიდევ მრავალ წელს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
ჟურნალ „ეკნომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია